ჩემი დროის ნარატივი

Posted on Updated on


უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი “ლიტერატურა”

ავტორი: მარიკა ომანიძე

* * *

ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ დავასკვენი: ბებიაჩემს ახლა აქვს “გარდატეხის ასაკი”. მართლა აქვს, ოღონდ. იმ დღეს გამოაცხადა: სასწრაფოდ ვინმე ბუკინისტი იპოვეთ, ნოტები უნდა გავყიდოო. ძნელია გაუგო. თავისებური ტიპია. ძველი ბათუმელი, თან მუსიკის მასწავლებელი. აი, ნამდვილ ყავას რომ იხარშავს (!) ხოლმე ყოველ დილით, თავისი წვრილი და აპრეხილი თითებით პაპიროსს დინჯად მოუკიდებს, ღრმა ნაფაზს დაარტყამს და მერე ერთი-ორ რუსულ “პასლოვიცასაც” რომ მოგაძახებს. სახლიდან გასვლის წინ “ნი პუხა ნი პურას”, რომ გეტყვის კაი დედისშვილი ხარ და “კ ჩორტუ” არ უპასუხო. ჰოდა, ასეთია ეს ბებიაჩემი. თბილისში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს, მაგრამ არ უყვარს ეს ქალაქი. ამბობს აქ არ არის ჩემი ადგილები, ჩემი ქუჩები და საერთოდ ჩემი ამბებიო…

ასეა დედიკოც. თითქმის ყოველ საღამოს იხსენებს ბათუმის ამბებს. მიყვება როგორ შემოიარა მთელი აჭარა 17 წლისამ მანქანით, როგორ გადადიოდნენ მაშინდელი აჭარის საზღვარზე, ერთი შეკვრა სიგარეტი “გონიოსა” და თვალის ჩაკვრის წყალობით. როგორ უშვებდნენ პოლიციის თანამშრომლები ჯერ კიდევ მოსწავლე, “უპრავო” გოგოს ოფიციალური ქრთამით. აივანზე წითელ “ჰულა ჰუპას” რომ გადმოკიდებდა და ეს რომ თავისუფლებას ნიშნავდა. 5 წუთში გოგოები უკვე მასთან იყვნენ და იწყებოდა დაუსრულებელი ღამეები, რამდენიმე ყუთ ნამდვილ აჭარულ მანდარინთან ერთად. თბილისი ნატოსაც არ უყვარს. როცა წვიმს მანქანაში ჯდება, ლიონელ რიჩის “ჰელოუს” ჩაირთავს და წრეებს ურტყამს თბილისის ზღვას. მგონია, რომ ამ დროს ყველაზე ბედნიერია…

და მერე ვხვდები, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დიდი და პატარა ამბები. შეიძლება მასშტაბით ჩემი ამბავი ვერასდროს შეედაროს მსოფლიო მონათხრობებს. ალბათ, დედამიწაზე ყველას, ყოველთვის ემახსოვრება ნილ არმსტრონგი. ან ის ხუთშაბათი დღე “ტყუპები” რომ გაქრა. ყველა თაობას, ყველა ერს, ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი პატარა და დიდი ნარატივები. ეს რაღაცით ეილერის წრეებს ჰგავს. შეიძლება ქართველებს და სკანდინავიელებს არ გვქონდეს საერთო წერტილები, მაგრამ ორივენი იმ დიდ წრეში ვართ მოქცეული სამყაროს ამბები რომ ჰქვია.

photo 1მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს არაჩვენი ნარატივით ვარსებობთ. დიახ, ზუსტად არაჩვენი. დედების, მამების, “მხედრიონელი ბიძების”, აფხაზეთში ნაომარი მამის ძმაკაცების ამბებით ვცოცხლობთ და გვგონია, რომ ჩვენც იმ ბნელი და ტკბილი ოთხმოცდაათიანების ბავშვები ვართ. ბებიაჩემი რომ იხსენებს: “კაცო, შენ რომ დაიბადე, ონკანში ცხელი წყალი მოდიოდა, მერე გაგვიჭირდა თორემ მანამდე ბაბუაშენს ფული “მეშოკობით” მოჰქონდაო”. არადა, არ არის ეგ ჩვენი ამბები. მე პირველი, 2000 წლის ახალი წელი მახსოვს. მამაჩემმა მაშინ თეთრი მერსედესით, რომ წამიყვანა 31-ში 9 საათზე თავისუფლებაზე და განათებული ერთადერთი ქუჩა და მაშინ ერთადერთი ნაძვის ხე, რომ მანახა. აი, ეგაა ჩვენი ამბები. აი, ყველაზე მაგარი ტიპი რომ იყო და ქამარზე დიდი ერიქსონის მობილური ჰქონდა მიბნეული. “მაგთიში” ყოველთვიურად 35 ლარს რომ იხდიდა და კაცი ერქვა… ჩვენ, ჯერჯერობით, არ გვქონია ეგზოტიკური და მაგარი ამბები. არც უნივერსტეტში გვივლია ფეხით და არც მატყუარა “სუპზე” და გიტარაზე გვიქეიფია კურსელთან.

არა, განა ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ამბები? როგორ არა გვაქვს, მაგრამ პატარა და რაღაცნაირი, ოდნავ უმნიშვნელო. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ, აი, რაღაც “ბომბა ამბავი” ჩვენც უნდა დაგვემართოს. უნდა “გაგვივარდეს” ან უნდა ჩავაწყოთ!.. მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს, რა. ისე არ გამოვა…

ჩვენ შეიძლება ვერასდროს გავიცნოთ ჩვენი მომოვალი “პრინცი” ნავთის რიგში, მაგრამ ჩვენც ხომ შეგვიძლია, რაღაც დაგვემართოს. ყველაზე საშიში იცით, რა არის? იმ ფილმში, ჩვენ დაბრუნების მომენტი გამოგვეპარაო. შეიძლება, მართლა გამოგვეპაროს ამბის დამართების მომენტი და მერე ისე “გაჩნდეს” შვილების თაობა ვეღარც ვერაფერი დაგვემართოს. მათ, ალბათ, ახალი ნარატივები ექნებათ და ასე გავხდებით დაკარგული, გაუგებარი თაობა (ისე, მართლა მიკვირს, რატომ უყვარს ნებისმიერ თაობას იმის თქმა, რომ დაკარგულია).

photo 2ამბობენ, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი ამბები. თუნდაც რევოლუცია ან ომი. არადა, ეგ არ არის ნამდვილად ჩემი ამბავი. რევოლუციის დროს სახლში მშვიდად ვიჯექი და ტელევიზორში ალაგ-ალაგ ვუყურებდი როგორ წავიდა თეთრთმიანი ბაბუა “საახლშიი”. ომი ხომ საერთოდ. ეგ არ იყო ჩემი ომი. მე არ მიგრძვნია ომის ტკივილი. მე არ მინახავს დაცარიელებული სოფელი, უკაცოდ დარჩენილი ჩამოქცეული ოჯახი, შიმშილი, დარბევა, დაწიოკება, ბლოკადა. იქ ხალხი მართლა ტყვიას უშვერდა სხეულს, მე კიდევ, ვიჯექი და ტელევიზორში მსოფლიო მასშტაბით საგმირო ფილმებს ვუყურებდი. “საქმენი საგმირონია” ცივ მინერალურ წყალთან ერთად.

“რაღაც იყო, ნაღდად იყო საქართველოში ისეთი რაღაც, რომ …”

მოკლედ, შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია. რომ საუკუნის მიწურული იყო მაგრამ არა, რა… ნაღადად სასწაული ამბები იყო. დეპრესიული ერი ვართ ქართველებიო. არადა, მიდი და როგორ არ გახსოვდეს, როგორ არ გაიხადო ამბად თვითმფრინავის ბიჭები. რაც მათ ჩაიდინეს ყველა ენაზე დანაშაული ჰქვია, მაგრამ, აი, ღირს, მართლა ღირს, იმის გამო, რომ “ისტორიად დარჩეს” ყველაზე მაგარი ტიპების ამბავი. ჯინსის გამო თავსაც რომ შეაკლავდნენ და ეგ ჯინსი რომ ღირსებას ნიშნავდა.

photo 3მეორე მაგარი ამბავიც იყო, ქართველი ხალხი… ქართველი ერი. აღარ მახსოვს, ვიღაცას უწერია, რვაში ღამით ვიღაცამ დაიძახა “ცუდი” სიტყვა “დამოუკიდებლობა” და ნელ-ნელა, თითო-თითოდ ავყევით ყველა, სულ ყველა და საბოლოოდ კი მთელი ხალხი ამას ვსკანდირებდითო. მაგარი იყო. “ბომბა ამბავი” იყო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ დღეს, მამაჩემი დიდი რუდუნებით ინახავს თავის განძს – თხილამურის ჯოხს, რომელსაც 89-ში დროშის ტარად იყენებდა. დროშა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა, იქ ნამყოფი დროშის ტარი კიდევ განძია ფასდაუდებელი და აუწონავი ! . .

იმ დღეს თეატრში ვიყავი “ქაქუცაზე”. კოტე აფხაზი ეუბნება შეფიცულებს: დიდია შანსი, რომ აჯანყება ჩანასახშივე განწირულია, მაგრამ ერთი დიდი, ჯიგრული ქართული ამბავი რად ღირს. გავა დრო და ამბავი ლეგენდად იქცევა, ლეგენდა კი ყოველთვის ჭიასავით ღრღნის კაცის გულსა და გონებას. სულ უნდა ადამიანს, ისეთი “ტიპობა” ჩაიდინოს, აი, მხოლოდ ლეგენდებში რომ არის. და მერე თავადაც იქცეს ლეგენდად.

meote fotooახლა ვზივარ ჩემს ოთახში, მუსიკას ვუსმენ და ვუყურებ კედელს სადაც ათასცხრაასშვიდი რაღაც მაქვს გაკრული თუ მიწერილი. ვუყურებ და ვხვდები, ყველა ნივთსა და ქაღალდს თავისი პააატარა ისტორია აქვს. მაგრამ ეს ამბები მხოლოდ ჩემია და ალბათ, ჩემი შვილები და შვილიშვილები ვერასდროს მიხვდებიან ბოლომდე – რას ნიშნავს კედელზე გაკრული თეატრის ბილეთები თუ აბიტურიენტობისდროინდელი ცხრილი.მაგრამ ეს ხომ ჩემი, პირადი ამბებია.

ბევრს ვფიქრობ ამაზე. ალბათ, დღეს მოხდა ფასეულობების გადაფასება. შაბლონურია, მაგრამ მართლა ასეა. ადრე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხდებოდა ყველაფერი. იყო აქციები და პროტესტი. დღეს კიდევ – 1LIKE=1 RESPECT! ასე არაფერი გამოვა. რაღაც სიგიჟეა საჭირო!

და რატომღაც მჯერა (უფრო მეტად მინდა ვიდრე მჯერა), რომ ჩვენც მე და ჩემი ბავშვები დავტოვებთ რაღაც ამბებს… აი, ისეთებს პატარები რომ ერთმანეთს ჩვენზე მიუთითებენ: ეს იცი ვინაა? ეს ის გოგოა პირველად რომ ჩაიცვა ქალაქში შარვალიო. ისე კი, ხანდახან მგონია რომ აღარაფერია გასაკეთებელი.

P.S. მაინც, მაინც, მაინც მჯერა, რომ ისტორიას დარჩება ჩვენი ამბებიც!..

ისევე როგორც მათი, ახლა რომ ვაგმირებთ!

2 thoughts on “ჩემი დროის ნარატივი

    ნინო ნადარაია said:
    აპრილი 12, 2014, 00:30

    ძალიან მომეწონა! ❤

    დიანა ცერცვაძე said:
    მაისი 10, 2014, 22:36

    <33333333333

დატოვე კომენტარი