ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

Posted on Updated on


კორესპონდენტი: თეკლა ვეკუა

რადგან ეს მართვის სკოლის სტუდენტების ბლოგია, საუბარსაც ამ კითხვით დავიწყებ, როგორ შეიქმნა ეს სკოლა?

რამდენიმე წლის წინ, როცა ბიზნესის სკოლის მაშინდელ პირველკურსელებს ვესაუბრებოდი კურიკულუმში ზოგადი საგნების (სოციოლოგია, ლიტერატურა, ფსიქოლოგია და ასე შემდეგ) დამატებაზე, ამბობდნენ, რომ ეს არ სჭირდებოდათ. მაშინ ვუსვამდი კითხვას, როგორ გგონიათ, ვინ უფრო მაგარი იქნებოდა მარკეტინგში, რომელიმე ცნობილი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თუ გალაკტიონ ტაბიძე-მეთქი. ამბობდნენ: ცხადია, გალაკტიონ ტაბიძეო. ფართო ჰუმანიტარული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმისათვის, რომ კარგად გესმოდეს მარკეტინგი. დიდი კამათის და სჯა-ბაასის შემდეგ, რომელიც ჰუმანიტარული საგნების დამატების ამბავს მოყვა, ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა მითხრა, ბატონო კახა, რატომ ვხარჯავთ ამდენ ენერგიას კამათზე, არ სჯობს შევქმნათ სხვა კურიკულუმი და სხვა სკოლა, რომელიც ამ მიზანს შეასრულებსო. სწორედ ასე დაიბადა მართვის სკოლის შექმნის იდეა.

Interviu 2

რომელი საგანი მოგწონთ ყველაზე მეტად და ლექტორი რომ იყოთ, რას წაუკითხავდით სტუდენტებს?

რაც შეეხება კონკრეტულ საგანს, ლიბრი მაგნის იდეის ავტორი ნამდვილად მე ვარ და ყველაზე მეტადაც მომწონს. ჩემი სურვილი, რა წაგვეკითხა, უკვე განხორციელებულია – ჰამლეტი. სწორედ ამით უნდა დაგვეწყო და დავიწყეთ კიდეც. როცა ვარჩევდით ლექტორებს, რაღა თქმა უნდა, ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ საცდელი ლექციების მიხედვით გამოდიოდა ან შექსპიროლოგების მიერ განხილული ჰამლეტი, ან აქცენტი კეთდებოდა ისტორიულ შესაბამისობებზე,  ან ქართული ტექსტის ინგლისურ შესატყვისობაზე. ჩვენ კი ეს არ გვინდოდა, ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო კურსი იმაზე, თუ რა უნდოდა კლავდიუსს, რა აწუხებდა ჰამლეტს, როგორ ხედავდნენ ისინი სამყაროს… მგონი გამოგვივიდა.

ნამდვილად!

მართვის სკოლის სტუდენტების მომავალზე რას ფიქრობთ? ჩვენი პროფესია ხშირად გაუგებარია სხვებისთვის.

აუცილებლად წარმატებულები იქნებით. მათ შორის ისინიც, რომლებიც დღეს შეიძლება არ იქცევიან მაინცდამაინც მოსაწონად . სტანდარტულ დამსაქმებელს როცა ეუბნები: მე ფინანსისტი ვარ, მისთვის ეს გასაგებია. თქვენ სინამდვილეში უფრო მეტი იცით და უნდა შეძლოთ, მაგრამ მთავარი ერთი თვისების გამომუშავებაა: როგორ მოაწონოთ დამსაქმებლებს თავი, ეს თქვენი პროფესიული თვისება იქნება – გაიგოთ რა სჭირდება ადამიანს და მოარგოთ მას საკუთარი თავი. ერთადერთი, რამაც ხელი შეიძლება შეგიშალოთ, ამბიციაა. ხშირად გამიგია ჩვენი კურსდამთავრებულებისგან, რომ მიდიან სადღაც და მერე ამბობენ, უი, ბანძი სამსახურია, მე  აქ არ მაფასებენ, იმიტომ რომ უფროსი იდიოტია. მერე მაგას რა სჯობს, რადგან თუ უფროსი იდიოტია, ესე იგი, ორგანიზაციაში ბევრი პრობლემაა, ანუ  შენ უნდა შეძლო ამ პრობლემების გადაწყვეტა და სიტუაცია გააუმჯობესო!

ლექსი ან მოთხრობა თუ დაგიწერიათ ოდესმე?

კი, ერთხელ დავწერე მოთხრობა რუსულად, ასეთი იყო: она его не любила, он её не любил тоже, они тщательно скрывали это друг от друга, жили долго и счастливо и умерли в один день.  ეს არის ჩემი ერთადერთი მხატვრული ნაწარმოები.

მგონია, რომ ცოტა მკაცრი უფროსი ხართ, თანამშრომლებში რა არ მოგწონთ ან რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

როდესაც რაღაცაზე თავს მიქნევენ, მეთანხმებიან და მერე იმავეს არ აკეთებენ.

ბოდიში თუ მოგიხდიათ თანამშრომლისთვის თქვენი რაიმე შეცდომის გამო?

კი, როგორ არა, საკმაოდ ხშირად მიწევს და არ მაქვს პრობლემა. ბოდიშის მოხდა ცოტა არაქართული ხელოვნებაა, განსაკუთრებით ქართველ ბიჭებს უჭირთ ძალიან. მგონია, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ – ბოდიში, შემეშალა, დავაგვიანე – ეს ნორმალურია.

რაიმე მეტსახელი თუ გქონდათ ბავშვობაში?

არა, იცით, ჩემს ბავშვობაში საკმაოდ იშვიათი იყო სახელი კახა, მეტსახელები ხომ იმიტომ იბადება, რომ არის შვიდი გიორგი და უნდა განასხვავო ერთმანეთისგან, და რადგან სკოლაში არავის არ ერქვა იმ დროს კახა, ჩემთვის სხვა სახელი არც შეურქმევიათ.

რაიმე ფობია ხომ არ გაქვთ? რისი გეშნიათ ყველაზე მეტად, ობობების, ან ხვლიკების, ან  მსგავსი არსებების?

არა, რას ამბობთ, ძალიან საყვარლები არიან ობობებიც, ხვლიკებიც და გველებიც, სახლშიც მყავდა გველები რამდენჯერმე. არანაირი ფობია არ მაქვს, გარდა ერთადერთი გართულებისა – ვერ ვიტან ჭუჭყს.

ბოლოს რომელ ფილმს უყურეთ და რა წაიკითხეთ?

ბოლოს ვუყურე The Wolf of Wall Street, ჩემი აზრით, სუსტი ფილმია, მემარცხენე და პროპაგანდისტული, მაგრამ ლეონარდო დიკაპრიო ძალიან კარგად თამაშობს. წაკითხვით კი თავიდან ბოლომდე დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ეს დიდ დროსა და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. საერთოდ, სხვის დაწერილ ტექსტს რომ კითხულობ, ყოველთვის იწყებ ფიქრს, რატომ არის ეს ასე, სხვანაირად ხომ უმჯობესი იქნებოდა, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ. ერთხელ ლია მეზვრიშვილმა ამიხსნა, რომ იმას, რაც მე მომდის (ანუ რომ ვშფოთავ კითხვის დროს) ჰქვია კოგნიტური დისონანსი. ამიტომ მიჭირს თავიდან ბოლომდე წიგნის წაკითხვა. გამონაკლისია „მსუბუქი“ წიგნები, მაგალითად, სამი მუშკეტერი, ბავშვობაში რომ სიამოვნებით ვკითხულობდი.

კანტის კატეგორიული იმპერატივებიდან ერთ-ერთზე მაინტერესებს თქვენი აზრი: „მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება“.

სწორია, სწორია. მე არ ვიცი ეს რამდენად ინდივიდუალური ქცევის იმპერატივია, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, მაშინ ნამდვილად ასეა, ადამიანით უნდა განისაზღვრებოდეს ყველაფერი.

თქვენ როგორ გინდათ რომ საზოგადოებას დაამახსოვრდეთ?

ახლა რასაც ვაკეთებ ისაა მნიშვნელოვანი და მერე რას იტყვიან, სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია. ადამიანი რომ თავის ნეკროლოგზე უნდა ზრუნავდეს, ალბათ ქრისტიანობაში ჩამოყალიბებული შეხედულებაა, დიდი ხანია მიკვირს, როგორ არის ხალხი ორიენტირებული ამაზე. ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი პირველ რიგში. აი, მე რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე რაში მაღელვებს? ეს მნიშვნელოვანი სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რას ვაკეთებ.

 თავისუფალი დრო თუ გაქვთ საერთოდ და რას უთმობთ?

კი, როგორ არა, მეგობრებთან ვატარებ ხოლმე. თუმცა, კაცმა რომ თქვას, სულ თავისუფალი დრო მაქვს. აი, ახლაც ხომ შემეძლო მეთქვა, რომ არ მინდა თქვენთან საუბარი და წავსულიყავი, მაგრამ ესეც ჩემი თავისუფალი დროა და რადგან დაგთანხმდით ინტერვიუზე, ანუ როგორც მინდა ისე ვიყენებ. ჩათვალეთ, რომ 18 საათი თავისუფალი მაქვს, სადღაც 6 საათი კი მძინავს, რომელიც ასევე თავისუფალია, იმიტომ რომ ნებით მძინავს. ვჭამ – თავისუფალი დროა, კბილებს ვიხეხავ -თავისუფალი დროა, ყველაფერი თავისუფალ დროის გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც საკუთარი ნებით ვაკეთებ. მე ხომ არავინ მაძალებს ახლა უნივერსიტეტში სიარულს და მეუბნება: აი,

შენ თუ უნივერსიტეტში არ ივლი, შიმშილით მოკვდები! არა, მოვკვდები ამისგან დამოუკიდებლად და მანამდე ჩემს თავისუფალ დროს გამოვიყენებ ისე, როგორც მინდა.

1560553_861639713861934_2013571890_n

სამსახურში აყვანისას, ერთსა და იმავე შესაძლებლობის ქალსა და მამაკაცს შორის ვისზე გააკეთებდით არჩევანს?

ქართველ კაცებს უფრო ნაკლებად შეიძლება ენდო ადამიანი, ვიდრე ქართველ ქალებს. მაგრამ, ზოგადად რომ ვთქვა, სულერთია. მთავრობაში ყოფნისას გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე გახლდით. პერიოდულად შეხვედრებს ვატარებდი ფემინისტ ქალებთან, რომლებსაც ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ გენდერულ თანასწორობაზე: მათი გენდერული თანასწორობაც ასევე სექსისტური იყო – ანუ ქალებისთვის გარკვეული პრივილეგიების შექმნა უნდოდათ. ჩემი თანამშრომლების უმრავლესობა დიდი კონკურსების შედეგად ავიყვანეთ, შემდეგ რამდენჯერმე დავთვალეთ ამ გენდერული თანასწორობის კომისიის ამბავში თანაფარდობა და თითქმის ყოველთვის თანაბარი იყო.

გასაგებია, რომ იდეალური ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, მაგრამ იდეალური ქალი მაინც როგორია თქვენთვის?

იდეალური გააჩნია რისთვის. თუ საუბარია პატივისცემაზე, მაშინ იდეალური ქალისა და კაცის პატივისცემის კრიტერიუმები ერთნაირია, მაგრამ თუ უყურებ როგორც სქესობრივ ობიექტს, რაც ჩემს შემთხვევაში სწორია, მაშინ სიტუაცია სხვანაირი იქნება. მაგრამ მაინც არ მესმის ეს იდეალური, იდეალური არის მხოლოდ სფერო, როგორც პითაგორა გვასწავლიდა, სხვა არაფერი. მე საერთოდ, დიდ პატივს ვცემ ჭკვიან ადამიანებს, აი, ხომ არის სექსიზმი, ეიჯიმი, ჭკუიზმის რამე მეცნიერული დასახელება თუ არსებობს, ეგ ვარ ნამდვილად.

მაინტერესებს, რომ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, ახლა სად იმუშავებდით სიამოვნებით? თქვენი პროფესიით?

კი, ვიმუშავებდი სიამოვნებით ჩემი პროფესიით, თუმცა, რავიცი… მთელი ცხოვრება მცდარი წარმოდგენა მქონდა მომავალზე. როცა მეცნიერი ვიყავი, მეგონა სულ ამას გავყვებოდი. როცა ბიზნესი დავიწყე, სხვა რაღაცაზე არც მიფიქრია. მერე გავხდი მთავრობის წევრი, რასაც იქამდე ვერც წარმოვიდგენდი. მახსოვს, 2006 წელს ერთმა ადამიანმა მითხრა, კარგი იქნებოდა განათლებით დაინტერესებულიყავით და უმაღლესი სასწავლებელი გაგეხსნათო, ვუპასუხე, ეგ არის ბოლო საქმე, რასაც ხელს მოვკიდებ-მეთქი. ავანტიურულ რომანს ჰგავს ჩემი ცხოვრება და მომავალში რა იქნება დანამდვილებით არ ვიცი. კონფუცის აქვს ნათქვამი, იპოვე რაც გაინტერესებს და სამსახურში სიარული არაოდეს არ მოგბეზრდებაო. ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, საინტერესო იყო.შეიძლება ეს სიბერით გამოწვეული სისუსტეა, მაგრამ მგონია, ახლა რასაც ვაკეთებ უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ის, რასაც თავის დროზე ვაკეთებდი.

მომიყევით მოკლე შინაარსი ზურიკელას ლექსისამე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“:

-ღამე იყო მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი,

ცრემლი მომდის სიხარულის, მიყვარს ღამე სიარული,

მთელი ღამის უძილო ვარ, სულ მთლად გადარეული ვარ.

გახარებული და გადარეულია ადამიანი.

მე მოკლე შინაარსების „სპეციალისტი“ ვარ. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაშინ სხვანაირად ტარდებოდა გამოცდა. ქართულ ენაში უნდა დამეწერა ან ვიღაცის სახე საიდანღაც, ანუ რაღაც სისულელე და სიყალბე, ან უნდა დამეწერა მოკლე შინაარსი და დავწერე „კაცია-ადამიანის“ მოკლე შინაარსი. ძალიან მეცოდებოდა ლუარსაბი და ჩანდა კიდეც ამ ნაწერში. დამიწერეს ოთხიანი, თქვენებურად B, მაგრამ გული არ დამწყვეტია, იმიტომ რომ მოკლე შინაარსების წერა ძალიან რთული რამაა.

ამ შემთხვევაში, კაცია გადარეული და მეტი შინაარსი არაა, რომ გადააკეთო და თქვა, რომ დღე იყო მზიანი, წვიმიანი, ცისარტყელიანი, ცრემლი მომდის სიხარულის, მიყვარს დღისით სიარული, მთელი დღეა უჭმელი ვარ, სულ მთლად გადარეული ვარ, ემოციურად არაფერი განსხვავება არ არის.

ახალ წლებზე მოვიმატე ცოტა ბატონო კახა და რამე კარგი დიეტა ხომ არ იცით შემთხვევით, აი, ბენდუქიძის დიეტა რომ დაერქმევა მერე სახელად, ისეთი?

კი, როგორ არა, 30 კილო დავიკელი, ცოტა ჭამეთ.

ან ჭამეთ ნაკლებკალორიული საჭმელი. აი, დღეში რომ მიირთვათ ერთი ქილა მაწონი, ერთი კილო კიტრი და პომიდორი, გპირდებით, კვირაში ერთ კილოს დაიკლებთ. მთავარია, რომ არ ჭამოთ ცხიმიანი საკვები, ცომეული და ტკბილეული.

ერთმა ამერიკელმა მითხრა გავხდიო. როგორ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, წარმოვიდგენდი, რომ ლამაზი ქალი გორაკზე დგას და ხელს მიქნევს, მე კიდე ვქოშინებ და ვერ მივდივარ, იმიტომ რომ მსუქანი ვარო.

ყველამ ასე უნდა წარმოიდგინოს რაღაც, მოტივაციისთვის და გახდება.

და ბოლოს, ჩვენი ბლოგის შესახებ რას ეტყოდით მკითხველებს?

ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ძალიან კარგ რაღაცებს სწავლობენ, უყალიბდებათ შეხედულებები ცხოვრებაზე (იმედია) და აქ სწორედ ამ შეხედულებებზე წერენ. გირჩევთ წაიკითხოთ!

3 thoughts on “ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან

    Kid # 30 said:
    თებერვალი 1, 2014, 07:53

    tekla 18 kitxva dasvi benduqizestan, 1 kitxva pasuxs 2 wuts mainc tu andomebdi, + misalmeba-damshvidobe 40 wuti gqonda…. 40 wuti da manamde dgeebi rom es 40 wuti bevrad uketesi yofiliyo.. nucam gaasheara facebookze da shemovyevi, vxedav B. kaxa da shen da 1 emocia- vaa, yochag tekla… axla emociagacruebuli vfiqrob, me var maqsimalisti ( imdenad rom astronomiul ragacebs vitxov da es mshvenieri interviua), shen ar iyavi ubralod formashi tu am 3 welshi imdenad ar gazrdilxar me rom velodi da sualc ar udna vnanobde martvaze rom ar vswavlob?

    P.S. Homerma jurnalistikashi 100 naxvas, 1 comentari sjobso, acharbebda vici, magram iyos mainc es aq 🙂

    არტე said:
    თებერვალი 3, 2014, 17:11

    მაქსიმალისტი ადამიანი ჯერ ქართულ შრიფტის დაინსტალირებას მოახერხებდა როგორმე 🙂

    IKA said:
    თებერვალი 6, 2014, 09:49

    თეკლა უსაყვარლესი და ულამაზესი გოგო ხარ, წარმატებები…

დატოვე კომენტარი